ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის ადვოკატირება – პროექტის მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის წინაშე საკითხის დაყენება და ქალაქისთვის გენერალური გეგმის შემუშავების მოთხოვნა
გენერალური გეგმის ფუნქციაა ქალაქის ურბანული განვითარების დაგეგმვა, ნებართვების გაცემის, მშენებლობების, საგზაო მოძრაობის დარეგულირება და ა.შ. ქალაქის განვითარება უნდა ხდებოდეს მოწესრიგებულად, ერთიანი ხედვის ფარგლებში, ამისთვის საჭიროა ზუსტად ისეთი დოკუმენტი, როგორიც არის გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ კონცეფციას შეიმუშავებს, მიზანს დასახავს ქალაქის განვითარებისთვის, წარმოაჩენს პერსპექტიულ დარგებს ეკონომიკის განვითარებისთვის, გენერალური გეგმა განსაზღვრავს ასევე, სად შეიძლება იყოს მოსახლეობა დასაქმებული, სად შეიძლება იღებდეს სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანდაცვის სერვისები და ა.შ. ყველა ასპექტი უნდა იყოს ამაში გათვალისწინებული და შემდეგ უკვე დღის წესრიგში გენერალური გეგმის მართვის პრობლემა დადგება.
პროექტის პირველ ნაწილში შედიოდა კვლევების ჩატარება კვლევაში გაერთიანებულია ურბანული და სამართლებრივი კომპონენტები ეს არის დოკუმენტები, რომლის გამოყენება შეუძლია მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში. . ურბანული კვლევა განსაზღვრავს ქალაქისთვის საჭირო საკვანძო საკითხებს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს გენერალური გეგმის მომზადების პროექტში. მასში მოცემული რეკომენდაციები მუნიციპალიტეტს დახმარებას გაუწევს გენგეგმის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების გაწერაში. სამართლებრივი კვლევაში დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა გადადგას გენგეგმის მომზადების პროცესში.
გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში, მოხდება ქალაქში არსებული უძრავი ქონების აღწერა, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ასეთი სერვისების მიწოდებისთვის აუცილებელი ქონების და საპრივატიზაციო ქონების იდენტიფიცირება და გამიჯვნა.
კიდევ ერთი საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქალაქ ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. გეგმაზომიერი ხედვა ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტს არ აქვს. გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვაც.
კიდევ ერთი მიმართულებაა სამშენებლო ნებართვების საკითხი. დღესდღეობით, თუკი კერძო მესაკუთრეს არანაირი შეზღუდვა არ აქვს და რასაც უნდა იმას ააშენებს, რაც დიდი პრობლემაა. გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში, დადგინდება სამშენებლო ნორმები და განაშენიანების კოეფიციენტები. ამ კოეფიციენტების და რეგულაციების მიხედვით წარიმართება განაშენიანება და მიიღებს უფრო მოწესრიგებულ სახეს.
კიდევ ერთი საკითხია სარეკრეაციო ზონების საკითხი – პარკები, სკვერები, ბულვარები. გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდება ზონირება, გამოიყოფა სამშენებლო და არასამშენებლო ზონები და განაშენიანების წარმართვა ამ ზონების ფარგლებში მოხდება.
ჩატარებული ურბანული და სამართლებრივი კვლევების საფუძველზე, პროექტის მეორე ეტაპზე დაიწყო ადვოკატირების პროცესი, სადაც შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურთან, და მოქალაქეებთან.
საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით გენგეგმის საჭიროების შესახებ ცალკე კამპანია გაიმართა. ამ მიმართულებით სატელევიზიო სიუჟეტები და ინფოგრაფიკები მომზადდა, რომელიც ადგილობრივ გაზეთში განთავსდა და ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დეკლალირებულად, სიტყვიერად ეთანხმება ოზურგეთის გენგეგმის დამტკიცებას, თუმცა მთავარი პრობლემა კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა. ბოლო ეტაპზე, მომზადდა პეტიცია რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა. პეტიციის საფუძველზე საკრებულოში შექმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მერიის მიერ გენგეგმის მომზადების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.
პროექტი დააფინანსა ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“.