ისტორია

ისტორია

ჩვენ ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი ვართ.

ამ სახელით 2018 წლიდან გაგვიცნეს, მანამდე, ჩვენს გუნდს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ერქვა და გურიაში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო.

„ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ 1993 წელს ოზურგეთში, ანასეულის ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა ასპირანტურის სტუდენტებმა დავაფუძნეთ.

თავდაპირველად „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ შემადგენლობაში ვიყავით:  გოჩა შანიძე, ლევან მჟავანაძე, როინ გოგოტიშვილი, ვოვა მეგრელაძე, მინდია სალუქვაძე, ანტონ სამსონიძე, ვახტანგ ბერიშვილი, გიორგი გაგუა.

მართალია, ორგანიზაცია 1993 წელს დაარსდა,  მაგრამ  ოფიციალური სახე მხოლოდ ორი წლის შემდეგ მივეცით.

მთავარი მიზანი კომპიუტერული სწავლების დანერგვა იყო.

თავდაპირველად, ბანკს მივმართეთ სესხისთვის, თუმცა იმ პერიოდში, კომპიუტერული სწავლების ჩამოყალიბება ბანკირს სარისკო საქმედ ეჩვენა და სესხზე უარი გვითხრა. სესხი არა, მაგრამ მოგვცა რჩევა: – იდეა ევრაზიის ფონდისთვის გაგვეცნო. ევრაზიის ფონდის შესახებ  დამატებით, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან შევიტყვეთ.

იმ პერიოდში საქართველოში მხოლოდ სამი ფონდი ფუნქციონირებდა: ICR საქართველო (ჰორიზონტი), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (სოროსის ფონდი) და ევრაზიის ფონდი – ოღონდ, იმ დროისთვის მათ შესახებ არაფერი ვიცოდით.

მივედით ევრაზიის ფონდში, გაგვიზიარეს ინფორმაცია სოროსის ფონდის (ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში)  შესახებ, სადაც ასევეშევავსეთ  განაცხადის ფორმა, დავწერეთ პროექტი და გავიარეთ რეგისტრაცია.

 

პირველი გრანტი ანუ ოაზისი გურიაში

ევრაზიის ფონდის პასუხი 1996 წლის მაისში გავიგეთ, კლუბმა გრანტი მოიპოვა, პროექტის სახელი „ახალი ტექნოლოგიების განვითარების სასწავლო ცენტრი“ იყო.

„მინდა დავრეკო ოზურგეთში, ვერ დავრეკე. გავიქეცი და პირველივე ავტობუსს წამოვყევი და მახსოვს, ქალაქის პარკში ბიჭები იყვნენ შეკრებილები, და ვეუბნები, გრანტი მივიღეთ მეთქი. ვამბობ, და ნორმალურად ისიც არ ვიცი ეს გრანტი რა არის. კიდევ სესხი მგონია. გადავწყვიტეთ, ბოლომდე გაგვეგო რა იყო ეს გრანტი, ვიცით, მაგრამ მაინც არ ვიცით, ანასეულში გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა რა იყო გრანტი“.

იმ პერიოდში ეს გახლდათ ერთ-ერთი პირველი გრანტი საქართველოში, და მათ შორის გურიაში, რომელიც ევრაზიის  ფონდმა გასცა.

1997 წლის სექტემბერში იმ დროისთვის საოცარი ამბავი მოხდა – ოზურგეთში სასწავლო ცენტრი გაიხსნა.  კომპიუტერული სწავლება იყო შესაძლებელი და ეს ყველაფერი უფასო გახლდათ, თავდაპირველად 10-მდე კომპიუტერით.  პროექტის შედეგად ძალიან ბევრი ახალი კადრი გადამზადდა.

1998 წელს „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს“ – ევრაზიის ფონდმა რესურსცენტრის გაკეთება შემოგვთავაზა, შედეგად მათ საშუალება მოგვცეს დავხმარებოდით ჩვენნაირ ორგანიზაციებს. უკვე აღარ იყო საკმარისი მხოლოდ ტექნოლოგიების სწავლება. უკვე პროექტების წერის სწავლებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვასწავლიდით ყველას, ვისაც ეს აინტერესებდა, ვეხმარებოდით წერაში, დახვეწაში..

ჩვენი ოფისი გახდა მართლაც ოაზისი, იმ ჩაბნელებულ ოზურგეთში ერთადერთი ადგილი, საიდაცან შუქი გამოდიოდა. ყოველ ღამე ვმორიგეობდით, ღამეს ვათევდით, ვსწავლობდით.

ინტერნეტისთვის გუბენატორის ოფისიდა გამოვიყვანეთ ხაზი, გუბერნატორის სამუშაოს დამთავრების შემდეგ, 6 საათს მერე, ნომერს ორგანიზაციას გვირთავდნენ, რითიც ინტერნეტს ვღებულობდით.

პირველი ელექტრონული ფოსტაც „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში“ ამუშავდა. პირველი წერილი გავგზავნეთ და მივიღეთ. პირველი გაზეთი კომპიუტერზე 1995 წელს ავაწყვეთ ტექსტური რედაქტორის საშუალებით და მას „ინფო-გურია“ ერქვა. ამავე პერიოდში დაიბეჭდა საბავშვო გაზეთი „21-ე საუკუნე“. საგამომცემლო პროგრამული უზრუნველყოფით აწყობილი პირველი გაზეთი კი „ექიმთა სამყარო“ იყო.

2000 წელს „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს“ პირველებს ჰქონდათ სატელიტური ინტერნეტი.

“უკვე გამოიკვეთა ამ ორგანიზაციის მისია, თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო იმით, რომ არ გვინდოდა არსებულ რეალობასთან შეგუება. შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა ძლიერი ორგანიზაცია და სხვებს ვეხმარებოდით იგივეს გაკეთებაში, რითიც ჩვენ დავიწყეთ, კადრების გენერატორად იქცა ცოტა ხანში იქაურობა, რესურსცენტრის ფუნქცია შეითავსა.  ყველა ჩვენთან სწავლობდა ტექნოლოგიებს“

 

რებრენდინგი

2018 წელს „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბიდან“  „ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ გავხდით.  სახელი ახალია, თუმცა არ შეგვიცვლია ვექტორი.

ამდროისთვის 80 – მდე განხორციელებულ პროექტს ვითვლით, რაც თანხაში – სამ მილიონ ლარამდე ადის.

განუწყვეტლივ ვცდილობთ გავაძლიეროთ ადგილობრივი საზოგადოება, გავუზიაროთ სხვებს გამოცდილება, რესურსები,  ვცდილობთ მუდმივად ვიდგეთ ინოვაციების სათავეებთან…

Progress House